კვლევა
მე-9 კლასის ეფექტური მართვა და სირთულეების დაძლევის
გზები
(პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევის ანგარიში)
ქუთაისის #28 საჯარო სკოლა
გერმანული ენის მასწავლებელი მანანა ბარათაშვილი
( 2017-2018 სასწავლო წელი)
სარჩევი
შესავალი 2
1.ლიტერატურის მიმოხილვა 3
2.კვლევის მეთოდები 4
2.1. ინფორმაცია კვლევის შესახებ 4
2.2. კვლევის პროცესის
ზოგადი მიმოხილვა 4
2.2.1 საკვლევი საკითხის
შერჩევა 4
2.2.2 კვლევის მიზანი
და ამოცანები 5
2.3.კვლევის ინსტრუმენტები 5
2.3.1.თვისებრივი კვლევის
ინსტრუმენტები 5
2.3.2.რაოდენობრივი კვლევის
ინსტრუმენტები 6
2.3.3. სამიზნე ჯგუფი 6
3. კვლევის
შედეგები 7
3.1. ფოკუსჯგუფების
შედეგები 7
3.2. საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვების შედეგები 7
3.3. რაოდენობრივი კვლევის შედეგები 8
3.4. კვლევის ძირითადი დასკვნები 10
3.5. ინტერვენციების განხორციელება 11
3.6. ინტერვენციების შეფასება 13
4. დასკვნა 14
5.რეკომენდაციები 15
6.დანართები 16
გამოყენებული ლიტერატურა 21
შესავალი
სწავლა
- სწავლების დონე დამოკიდებულია მასწავლებლის
მიერ კლასის ეფექტურ მართვაზე, თუ მასწავლებელი კლასს კარგად ვერ მართავს და მოსწავლეები თავის ნებაზე, უწესრიგოდ იქცევიან,
მაშინ მათი აკადემიური მოსწრება ვერ იქნება მაღალი.მასწავლებელს ძალიან დიდი ძალისხმევის
გაღება უწევს, როცა მოსწავლეები შესაძლებელზე გაცილებით ნაკლებს სწავლობენ. იმ შემთხვევაში კი თუ მასწავლებელს კლასის ეფექტურად მართვა შეუძლია,
სწავლა და სწავლება გაცილებით წარმატებულია. კლასის მართვის უნარი არ არის მარტივად
შესაძენი, მასწავლებელს დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ კლასის მართვაში დახელოვნდეს.
არსებობს კლასის მართვის არაერთი ეფეტური მოდელი, მაგრამ არ არსებობს უნივერსალური
რეცეპტი, რომელიც საბოლოდ მოაგვარებდა პრობლემებს.
კლასის
მართვა ეფექტური სწავლების განუყოფელ კომპონენტად
ითვლება ყველა კლასში. ეს საკითხი მწვავედ დგას მე-9 კლასშიც. მეცხრე კლასში ერთერთი
მთავარი პრობლემაა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობისა და აკადემიური მოსწრების
დონე, რაც განპირობებულია მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებით (გარდატეხის პერიოდი).
რთულია მოსწავლეთა დაინტერესება საბაზო საფეხურზე, განსაკუთრებით მეცხრე კლასში, მოსწავლეებს
სხვა ინერესები უჩნდებათ, ნაკლებად აინტერესებთ საგაკვეთილო პროცესი, ეცემა სწავლის
ხარისხი, პასიურობენ გაკვეთილზე, ეზარებათ საშინაო დავალებების მომზადება, ზედაპირულად
ეკიდებიან შესასწავლს საგნებს, ყოველივე ეს აისახება მათ აკადემიურ მიღწევებზე. მათ
არ გააჩნიათ სწავლისადმი არც შინაგანი და არც გარეგანი მოტივაცია, რადგან არც დაწერილი
ქულა ინტერესებთ და არც რეალური სადამსჯელო სანქცია არსებობს რომელიც მათი ქცევის ცვლილებას
გამოიწვევდა იქმნება სირთულეები, რომელთა დროული მოგვარება აუცილებელია, ამიტომ გადავწყვიტე,
პრაქტიკული კვლევის საშუალებით შემესწავლა მეცხრე კლასის სირთულეების გამომწვევი მიზეზები და დამესახა მათი დაძლევის გზები .
წინამდებარე
ნაშრომი არის ანგარიში პრაქტიკული კვლევისა, რომელიც ჩატარდა სსიპ ქ.ქუთაისის #28 საჯარო
სკოლის მე-9კლასში 2017 წლის ოქტომბერიდან
ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით. საკვლევი საკითხია „მე-9 კლასის
ეფექტური მართვა და სირთულეების დაძლევის გზები“. კვლევის
მიზანია მე-9 კლასის კონკრეტული საჭიროებების
გამოკვეთა და მათი მოგვარებისთვის საჭირო ინტერვენციის განხორციელება. კვლევა მოიცავს
აღნიშნულ საკითხზე არსებული ლიტერატურის მიმოხილვას, მეთოდოლოგიის შემუშავებას , მონაცემების ანალიზს, ინტერვენციების დაგეგმვას, დანერგვას და შეფასებას, დასკვნებისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბებას.
1.ლიტერატურის მიმოხილვა
კლასის
მართვა ყოველთვის ითვლებოდა მასწავლებელთა ერთ-ერთ საჭირბოროტო საკითხად,რომლის მოგვარებასთან
პირდაპირაა დაკავშირებული მოსწავლეთა ცოდნის დონე.ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საინტერესო ნაშრომები.
ამერიკელი პროფესორი,მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების
საკითხების მკვლევარი, ჯეიმს სტრონგი, მასწავლებელს
ადარებს დირიჟორს, რომელიც მართავს არაერთგვაროვან კლასს, რომ სასწავლო პროცესი იყოს
ჰარმონიული. კლასის წარმატებით მართვა გაცილებით მეტია, ვიდრე დისციპლინა. მკვლევრების
ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ კლასის ეფექტური მართვა არის ეფექტური სწავლების უმნიშვნელოვანესი
კომპონენტი. იმისათვის რომ გაკვეთილი სწორად წარიმართოს, ავტორი აუცილებლად მიიიჩნევს
წესების შემოღებას, რომელთა განმარტებას მასწავლებელი დაუთმობს ერთ(თუ საჭიროა, მეტ)
გაკვეთილს, შემდეგ კი კლასში მათი დამკვიდრებისათვის იზრუნებს, სანამ ამ წესების შესრულება
მოსწავლეებში არ გახდება ავტომატური. ასეთ მასწავლებელს ნაკლები დისციპლინური პრობლემა
ხვდება. კარგმა მასწავლებელმა იცის, რომ მხოლოდ დისციპლინური პრობლემების შემცირებით
არის შესაძლებელი მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლება.
კლასის ეფეტურ მართვაში წესებისა და პროცედურების
შემოღების აუცილებლობაზე საუბრობს ამერიკელი განათლების მკვლევარი რობერტ მარზანო წიგნში
„კლასის მართვა: კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული მეთოდები მასწავლებლებისთვის“ იგი მიმოიხილავს კლასის მართვის შესახებ ჩატარებულ
კვლევებს და აღნიშნავს, რომ მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე ყველაზე დიდ გავლენას
ახდენს მასწავლებელი, რომლის ფუნქციათა სამი
სფეროდან კლასის ეფექტურ მართვა უმნიშვნელოვანესია.(1. გვ. 15) საუბრობს რა კლასის
ეფექტური მართვის მნიშვნელობის შესახებ,იმოწმებს ბროფისა და ევესთონის კვლევის შედეგებს.
ეს მკვლევრები წერენ: „ყველა კვლევის მიხედვით,კლასის მართვის უნარი მასწავლებლის წარმატების
განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორია“.(1. გვ 7) როგორც მარზანო აღნიშნავს, კლასის მართვის
საკითხების კვლევა 1970 წლიდან იწყება, შემდეგ წლებში განხორციელებულ კვლევებზე დაყრდნობით
21-ე საუკუნის დასაწყისში გამოიცა წიგნები კლასის მართვის საკითხებზე. ავტორის აზრით, მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს
ღონისძიებები დისციპლინის გასაუმჯობესებლად. რასაკვირველია, წამყვანი ძალა კლასში მასწავლებელია,
მაგრამ კლასის მართვაში გასათვალისწინებლია მოსწავლის პასუხისმგებლობაც.მოსწავლეს უნდა
გავაგებინოთ, რომ ის პასუხისმგებელია საკუთარ ქცევაზე.ეს მასწავლებლის მხრიდან დიდ
ძალისხმევასა და მონდომებას მოითხოვს.(1. გვ.111
) მარზანო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სასწავლო
წლის სწორად დაწყებას.პირველივე კვირის განმავლობაში წესებისა და პროცედურების მოსწავლეთათვის
გაცნობა და მათი დანერგვა დაედება საფუძლად კლასის მართვას მთელი სასწავლო წლის განმავლობაში(1.
გვ.124)
მასწავლებელი
მოვალეა, კარგი პიროვნული ურთიერთობები დაამყაროს მოსწავლეებთან. კვლევები გვიჩვენებს,
რომ მოსწავლეები, რომლებსაც მოსწონთ მასწავლებელი, კეთილსინდისიერად ეკიდებიან სასწავლო
პროცესს, ნაკლებად ქმნიან დისციპლინურ პრობლემებს და ითვალისწინებენ მასწავლებლის მოთხოვნებს.მასწავლეებლმა
უნდა შექმნას მოსწავლესთვის კომფორტული, ჯანსაღი გარემო,სადაც სწავლა სასიამოვნო პროცესია.
(2. გვ.10)
კლასის
მართვა არ ნიშნავს მოსწავლეთა იძულებას, წყნარად იყვნენ. კლასის მართვა და დისციპლინა არაა სინონიმები.ქცევის მართვა კლასის
მართვის შემადგენელ კომპონენტია, რომელიც გულისხმობს
მასწავლებლის უნარს, მოაგვაროს კლასში დისციპლინური პრობლემები. ყველა კლასი უნიკალურია. ყველა მასწავლებელს მეტნაკლებად განსხვავებული პრობლემების გადაჭრა უხდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია სტრატეგია მასწავლებელმა შეარჩიოს საჭიროებიდან გამომდინარე და თავად განსაზღვროს, თუ რა იმუშავებს მის კლასში და რა-ვერა. (3, გვ. 36)
2. კვლევის მეთოდები
კვლევის პროცესში გამოყენებული იყო როგორც
თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი კვლევის ელემენტები.
2.1. ინფორმაცია კვლევის
შესახებ
კვლევა ჩავატარე სსიპ ქალაქ ქუთაისის
#28 საჯარო სკოლაში, საკვლევად ავირჩიე მე-9კლასი,
რომელსაც ვასწავლი გერმანულ ენას და ვარ კლასის ხელმძღვანელი. კლასში 8 მოსწავლეა, მათ შორის 2 გოგონაა,
6-ვაჟი. აკადემიური მოსწრების მხრივ, იგი წარმატებული კლასია, მაგრამ სირთულეები მაინც
არის. ჩემი კვლევის მიზანიც სწორედ მეცხრეკლასელთა პრობლემების იდენტიფიცირება და მათ გადასაჭრელად
ცვლილებების განხორციელება იყო, რათა ამაღლებულიყო მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება.
2.2. კვლევის პროცესის
ზოგადი მიმოხილვა
2.2.1 საკვლევი საკითხის შერჩევა
პრაქტიკის კვლევის მიზანია, გარემოს შესწავლის
გზით წარმოაჩინოს პრობლემა და მივიღოთ გადაწყვეტილება მისი გაუმჯებესებისათვის.კვლევის
დაწყების პირველ ეტაპზე შევარჩიე საკვლევი
საკითხი:„მე-9 კლასის ეფექტური მართვა და სირთულეების დაძლევის
გზები“, ეს საკითხი ჩემთვის
მნიშვნელოვანია,რადგან ამ პერიოდში იწყება ასაკობრივი ცვლილებები, ფიზიოლოგიური და
ფსიქოლოგიური გარდატეხა. მოსწავლეთა ხასიათი
და სწავლისადმი დამოკიდებულება ძალიან იცვლება
ნეგატიურისაკენ, შედეგად მეცხრე კლასში ზოგიერთი მოსწავლის აკადემიური მოსწრება უარესდება.
ეს, ერთი მხრივ, იწვევს მოსწავლეთა თვითშეფასების დაქვეითებასა და მოტივაციის შესუსტება-დაკარგვას,
მეორე მხრივ, მშობლების შეშფოთებას. ამდენად, აღნიშნული პრობლემების დროულ მოგვარებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჯგუფში
სწავლა-სწავლების ეფექტიანობა. მოსწავლეთა ინტერესის კონცენტრაცია სასწავლო
პროცესზე შეუძლებელია, თუ მოსწავლემ არ იცის რა ეკრძალება და რა-არა.საკითხის შესწავლა
დამეხმარება, გავიგო, რა იწვევს ამ პრობლემებს და როგორ შეიძლება მათი მოგვარება. ეს გამოწვევები ყველა მეცხრე კლასის წინაშე მუდმივად
დგება და ყველა საგნის მასწავლებლები ეძებენ პრობლემის გადაჭრის გზებს.
გავესაუბრე მეცხრე კლასის რამდენიმე მასწავლებელს. როგორც აღმოჩნდა, ყოველი მათგანი
ძირითადად ერთი და იმავე სახის სირთულეებს აწყდება, შევჯერდით, რომ მათი მოგვარება ამავე კლასში არის აუცილებელი. ამდენად,თემა
ნამდვილად აქტუალურია. ვფიქრობ,კვლევის შედეგები და რეკომენდაციები დააინტერესებთ სხვა
მასწავლებლებს, რომლებიც მეცხრე კლასში ასწავლიან.
2.2.2 კვლევის მიზანი და ამოცანები
კვლევის მიზანია მე-9
კლასის ეფექტური მართვა და სირთულეების დაძლევის
გზები.
ძირითადი ამოცანები:
•
კლასის მართვის შესახებ არსებული ცოდნის გაღრმავება და ახალი ცოდნის
მიღება , გამოყენება და გავრცელება.
•
კლასში ქცევის მართვის მექანიზმების დახვეწა, რაც გულისხმობს მოსწავლეების
დისციპლინის გაუმჯობესებას მათი პასუხისმგებლობის გაცნობიერების გზით.
2.3.კვლევის ინსტრუმენტები
კვლევის დროს გამოვიყენე
როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კვლევის მეთოდები.
2.3.1.თვისებრივი კვლევის ინსტრუმენტები
საკვლევი საკითხის სიღრმისეული შესწავლის მიზნით გამოვიყენე შემდეგი ინსტრუმენტები:
•
დაკვირვება
•
ფოკუსჯგუფი
რეალური მონაცემების შეგროვების მიზნით კვლევის
პირველ ეტაპზე გამოვიყენე „ჩართული“ დაკვირვება. დაკვირვების საწყის ეტაპზე სიტუაციაში გარკვევის მიზნით ვაკვირდებოდი, როგორ
იქცეოდნენ მოსწავლეები გაკვეთილის დასაწყისში, მსვლელობისას და დასასრულს.დაკვირვების
ფოკუსის დადგენის შემდეგ დავიწყე ფოკუსირებული დაკვირვება. ამ ეტაპზე ჩემი შესწავლის
ინტრესს წარმოადგენდა იმის გარკვევა,რამდენად იცავენ მოსწავლეები გაკვეთილზე ქცევის
წესებს.ბოლოს კი, შერჩევითი დაკვირვების დროს, კიდევ უფრო დაკონკრეტდა ჩემი ყურადღების
სფერო. ამ ეტაპზე მე ვაკვირდებოდი, გაკვეთილის დაწყების დროს აქვთ თუ არა მოსწავლეებს
მზად სასწავლო ნივთები,იცავენ თუ არა წესებს მასწავლებლის კითხვებზე პასუხის გაცემის
დროს, ყველა მოსწავლე არის თუ არა ჩართული აქტივობებში, ინიშნავენ თუა არ საშინაო დავალებას.
დაკვირვება გაგრძელდა ერთი თვის განმავლობაში მთელ კლასზე. შედეგებს ვინიშნავდი დაკვირვების
სქემებში.
კვლევის
დროს ჩატარდა ფოკუსჯგუფები, შემუშავდა შესაბამისი კითხვარი, რომელიც შედგებოდა 6 კითხვისგან, წინასწარ მოვაგვარე ტექნიკური საკითხები,
რესპოდენტები ინფორმირებული იყვნენ, რომ მათი საუბარი ჩაიწერებოდა. ჩანაწერები მოგვიანებით სრულად გადავიტანე ქაღალდზე. ფოკუსჯგუფის ხანგრძლივობა
არ აღემატებოდა 1 საათს. სულ ჩატარდა 2 ფოკუსჯგუფი, რომლებშიც მონაწილეობდნენ კვლევის ინტერესთა ჯგუფები: მოსწავლეები და მშობლები.
2.3.2.რაოდენობრივი
კვლევის ინსტრუმენტები
რაოდენობრივი კვლევის ჩასატარებლად გამოვიყენე
მასობრივი წერილობითი გამოკითხვა-ანკეტირება. მიღებული მონაცემები დამეხმარა, შემედარებინა
საკვლევი კლასის გოგონებისა და ვაჟების შეხედულება მოსწავლეთა ქცევების შესახებ. კვლევისათვის
მომზადდა თორმეტკითხვიანი ანონიმური ანკეტა
როგორც დახურული, ასევე ღია კითხვებით. კითხვარის შევსების ხანგრძლივობა არ
აღემატებოდა 30 წუთს.
2.3.3. სამიზნე ჯგუფი
კვლევის სამიზნე ჯგუფად შეირჩა რესპოდენტთა შემდეგი კატეგორიები:
•
მშობლები
•
მოსწავლეები
ეს შერჩევა განაპირობა იმან, რომ ყოველი ეს
ჯგუფი დაინტერესებულია საკითხის მოგვარებით. მშობლებს სურთ, რომ სკოლაში მათმა შვილებმა
კარგად ისწავლონ, ამისათვის კი კლასის მართვის პრობლემის გამოკვლევა და მოგვარება მათთვის
მნიშვნელოვანია. მოსწავლეები სასწავლო პროცესში უშუალოდ არიან ჩართული. ჯანსაღი საკლასო
გარემო მათი სწორი განვითარებისთვის აუცილებელია.
რაოდენობრივი ანკეტირებისას შეირჩა საკვლევი ჯგუფის სრული რაოდენობა. თვისებრივი კვლევის
დროს დავაკვირდი გაკვეთილის მიმდინარეობას,ფოკუსჯგუფი და ჩაღრმავებული ინტერვიუ განხორციელდა
ორივე კატეგორიის რესპოდენტების მონაწილეობით.
3. კვლევის შედეგები
3.1. ფოკუსჯგუფების შედეგები
საკვლევი საკითხის შესწავლის მიზნით განხორციელდა ორი ფოკუსჯგუფი,
რომელშიც მონაწილეობდნენ მოსწავლეები და მშობლები.
•
ფოკუსჯგუფი მშობლებთან
ფოკუსჯგუფში მონაწილეობა მიიღო საკვლევი კლასის
მოსწავლეების რვა მშობელმა.მისი მიზანი იყო მე-9 კლასში არსებულ სირთულეებთან დაკავშირებით
მშობლების დამოკიდებულების შესწავლა. მათი
აზრით, მე-9 კლასში პრობლემებს განაპირობებს ის, რომ
•
ყველა
მშობელი ვერ ახერხებს მასწავლებელთან თანამშრომლობას, რომ ერთად იზრუნონ ამ პრობლემის
მოგვარებაზე.
•
მოსწავლეებს
არ აქვთ კარგად გაცნობიერებული,რის უფლება აქვთ და რის-არა.
•
ამ ასაკის მოსწავლეებს მასწავლებელიც და მშობელიც მათი ფსიქოლოგიის
გათვალისწინებით უნდა მიუდგეს და არა დასჯით.
•
ფოკუსჯგუფი მოსწავლეებთან
ფოკუსჯგუფის მთავარი მიზანი იყო, დაგვედგინა,
რა იწვევს მოსწავლეთა უდისციპლინობას
გაკვეთილზე. წინასწარ
შევადგნე სადისკუსიო გეგმა, რომელიც შედგებოდა 4 კითხვისაგან.როგორც მოსწავლეებმა თქვეს,
•
ძალიან
დატვირთული დღის გრაფიკი აქვთ, გვიან იძინებენ.
•
გაკვეთილებს
შორის დასვენებისას ვერ აკონტროლებენ დროს და იგვიანებენ გაკვეთილზე დროულად შევლას.
•
გაკვეთილზე
ძალიან უნდათ აზრის გამოთქმა და ზოგჯერ არ ელოდებიან მასწავლებლის ნებართვას.
3.2. საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვების შედეგები
დაკვირვებით ჩანს, რომ გაკვეთილის დაწყებისას
მოსწავლეებს უჭირთ ქცევის კონტროლი, ყველას
არ აქვს მზად სასწავლო ნივთები.მოსწავლეები გაკვეთილის მსვლელობისას ხელის აწევის
გარეშე სვამენ შეკითხვებს, რომლებიც ხშირად არ უკავშირდება საგაკვეთილო მასალას. ზოგიერთი
მათგანი დაჟინებით ითხოვს აზრის გამოთქმის საშუალებას, თუმცა მისი შეხედულება ხშირად
კლასისთვის უინტერესოა და სცილდება კლასში
მიმდინარე მსჯელობის საგანს.ხშირია შემთხვევა, როცა მოსწავლე მასწავლებლის ნებართვის
გარეშე წამოიყვირებს დასმულ კითხვაზე პასუხს, რაც უარყოფითად მოქმედებს საგაკვეთილო
პროცესზე. ჯგუფში არის რამდენიმე მოსწავლე, რომლებსაც ხშირად ავიწყდებათ საჭირო სასწავლო ნივთების მოტანა
კლასში.ყველა მოსწავლეს არ შეუძლია, სრულფასოვნად ჩაინიშნოს საშინაო დავალება.თუმცა,
უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეები მასწავლებლის მითითებისთანავე ერთვებიან საგაკვეთილო
პროცესში და არ რთულდება მათი ინტერესის კონცენტრაცია სასწავლო პროცესზე. ამაზე დადებით
გავლენას ახდენ მასწავლებლისა და მოსწავლეების პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება. ამრიგად,
მოსწავლეთა ქცევის კორექცია შესაძლებელი ხდება
მხოლოდ მასწავლებლის მითითების შედეგად.
3.3. რაოდენობრივი კვლევის შედეგები
რაოდენობრივი კვლევა დაიგეგმა თვისებრივი კვლევის
შედეგებზე დაყრდნობით. მასში მონაწილეობა მიიღო
მეცხრე კლასის რვავე მოსწავლემ. მონაცემების
მიხედვით ჩანს, რომ თითქმის ყველა მოსწავლეს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს გერმანული ენის მასწავლებელთან.
(დიაგრამა 1.)მისი შენიშვნები დისციპლინასთან დაკავშირებით მისაღებია მოსწავლეთა
უდიდესი ნაწილისთვის,(დიაგრამა 2.) მაგრამ, მიუხედავად ამისა,
გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ მისი ქცევა ყოველთვის ხელს უშლის გაკვეთილის მიმდინარეობას,
4 ბავშვი თვლის, რომ ზოგჯერ უშლის ხელს საგაკვეთილო პროცესს. მხოლოდ
2 მიიჩნევს, რომ მისი ქცევით გაკვეთილი არასოდეს შეფერხებულა.არც ერთი მოსწავლე არაა,
რომელიც ყურადღებას არ აქცევს მასწავლებლის რჩევებს და რვავე ცდილობს ამ წესების დაცვას. სასწავლო ნივთებს ძირითადად თვითონ მოსწავლეები ალაგებენ ჩანთაში.მოსწავლეთა
60% არასოდეს იგვიანებს, 40%-ზოგჯერ იგვიანებს,თუმცა, მათი დიდი ნაწილის აზრით, გაკვეთილზე დაგვიანება ხელს
უშლის გაკვეთილის მსვლელობას. (დიაგრამა 3.)კითხვაზე: „თქვენი აზრით, რა არის საჭირო, რომ გერმანული ენის გაკვეთილზე
მოსწავლეებმა ქცევის წესები არ დაარღვიონ?“ ორმა მოსწავლემ პასუხი ვერ გასცა, სხვა
მოსწავლეებმა უპასუხეს, რომ საჭიროა, თვითონ
გამოსწორდნენ და იყვნენ ზრდილობიანი,მობილიზებული, კულტურული, ყურადღებიანი, არ დაიგვიანონ გაკვეთილზე,მასწავლებელს მოუსმინონ
და დაუჯერონ.
დიაგრამა 1.
დიაგრამა 2.
დიაგრამა 3.
3.4. კვლევის ძირითადი დასკვნ ები
კვლევის ინსტრუმენტების
გამოყენებისა და მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე ნათელი გახდა, რომ სამიზნე
ჯგუფებში გამოითქვა ერთი და იგივე შეხედულება
საკვლევი საკითხის შესახებ,კერძოდ, ისინი მიიჩნევენ, რომ
•
მე-9 კლასში სირთულეები
არის და მათი დროული მოგვარება აუცილებელია. მოსწავლეებიც და მშობლებიც ერთგვარი შიშით ელოდნენ საბაზო საფეხურზე გადასვლას.
მართლაც, ახალი საგნებისა და მასწავლებლების გაცნობა და შეგუება ადვილი არ აღმოჩნდა.
•
მოსწავლეები კრიტიკულად
აფასებენ თავიანთ ქცევებს. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები აცნობიერებენ, რა მოჰყვება
მათ მიერ ქცევის წესების დარღვევას, უმეტესად ცდილობენ მასწავლებლის მითითებები გაითვალისწინონ,თუმცა ზოგჯერ მაინც არღვევენ მათ სხვადახვა მიზეზის გამო(გადატვირთული
დღის განრიგი,ხასიათის თვისებები, უყურადღებობა),რაც ხელს უშლის გაკვეთილის მიმდინარეობას. მოსწავლეებს მხოლოდ მასწავლებლის
მოთხოვნის შემდეგ შეუძლიათ გაკვეთილზე მობილიზება და ჩვევად არ აქვთ ქცეული
ზოგიერთი აუცილებელი ქცევის წესის დაცვა.ამაში ისინი პასუხისმგებლობას საკუთარ თავს
აკისრებენ და თვლიან, რომ უფრო ყურადღებიანები უნდა იყვნენ.
•
მშობლები ჩართული
არიან სწავლა-სწავლების პროცესში. ისინი თვლიან, რომ მე-9 კლასში სირთულეები ნამდვილად
არსებობს, ამიტომ ხშირად საუბრობენ მასწავლებელთან,
პოზიტიურად ხვდებიან მის რჩევებს და დაინტერესებული არიან აღნიშნული სირთულეების დროული
მოგვარებით, რათა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება იყოს მაღალი. ამასთანავე ისინი შეფასებებზე
არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ მოსწავლეთა
შორის ჯანსაღ, პოზიტიურ დამოკიდებულებას. მათ საჭიროდ მიაჩნიათ, სკოლაში იყოს ფსიქოლოგი.
•
მასწავლებელსა და მოსწავლეებს
შორის ურთიერთობა დადებითია. მოსწავლეებს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ მასწავლებელთან. შენიშვნები მათთვის მისაღებია და მასწავლებლის მითითებისთანავე წყვეტენ არასწორ
ქცევას. მასწავლებელი იყენებს სიტყვიერ შენიშვნას,
მითითებას და სხვა.ყურადღებას ამახვილებს მოსწავლეთა სწორ ქცევაზე.
3.5. ინტერვენციების განხორციელება
დაკვირვების, ფოკუსჯგუფებისა და ანკეტირების
შედეგად გამოკვეთილი ტენდენციების შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება ინტერვენციის
დაგეგმვის შესახებ. ინტერვენცია ორიენტირებული უნდა ყოფილიყო სწავლა-სწავლების ხარისხის
ამაღლებაზე იყო.მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მშობლები და მასწავლებელი ითანამშრომლებენ და ასე დაეხმარებიან მოსწავლეს ახალ გამოწვევბთან
გამკლავებაში. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე, ინტერვენცია დამეგეგმა ორი მიმართულებით:
•
მოსწავლეთა ცნობიერების
ამაღლება მათი უფლება-მოვალეობების შესახებ.
როგორც კვლევით აღმოჩნდა,
მოსწავლეებს უჭირთ ახალ საგაკვეთილო სიტუაციასთან შეგუება,ახალი მეთოდების მორგება,
ქცევის ახალი წესების გათავისება, ამიტომ ინტერვენციის პირველ ეტაპზე გაკვეთილზე დავაწესე კითხვა-პასუხის
დრო: მოსწავლეები მეკითხებოდნენ შეფასების სქემების, პროექტგაკვეთილების, პრეზენტაციებისა და სხვა სიახლეების თაობაზე. რაზედაც ამომწურავად
ვუპასუხებდი. რამდენიმე ხნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებმა ბევრი რამ გაარკვიეს
და კითხვები აღარ ჰქონდათ. ამის შემდეგ კლასში
გავმართე მოსწავლეთა დისკუსია თემაზე: „რას მიიჩნევთ
მოსწავლის სანიმუშო ქცევად?“. აქტივობის მიზანი
იყო, მოსწავლეებს გაეაზრებინათ თავიანთი უფლებები და მოვალეობები და ის, რატომ არის
აუცილებელი ქცევის წესების დაცვა. დისკუსიას დაესწრო 8 მოსწავლე.მათ
საშუალება ჰქონდათ, დაესვათ კითხვები, გამოეთქვათ საკუთარი შეხედულება, ემსჯელათ, როგორ
შეიძლება პრობლემის აღმოფხვრა. როგორც შესაბამის ლიტერატურაში არის მითითებული, კლასის
მართვაზე გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მოსწავლემ. მიმაჩნია, რომ პრობლემას,
რომელსაც ვიკვლევ, ვერ აღმოვფხვრი, თუ მოსწავლეს არ განუვითარდა საკუთარ ქცევაზე პასუხიმგებლობის გრძნობა.(1.
გვ. 94) ამ მიზნის მისაღწევად სპეციალურ ლიტერატურაში მითითებულ საშუალებათაგან ავირჩიე „საუბარი, რომელიც პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს.“(1.
გვ.100) ეს მიდგომა ასე გამოვიყენე: კლასში საგანგებო ადგილზე დავკიდე დაფა, რომელიც
დავყავი სამ სვეტად, რომლებსაც დავაწერე: „უფლებები“, „პასუხისმგებლობები“, „ჯილდოები“.
მთელმა კლასმა დაიწყო ამ სამი სვეტის შევსებაზე მუშაობა. პირველ სვეტში მათ ჩამოწერეს
თავიანთი უფლებები:
•
საკუთარი აზრების გამოხატვა
•
საჭიროების შემთხვევაში კლასში გადაადგილება
•
საჭიროების შემთხვევაში დახმარების მიღება
მოსწავლეები შეთანხმდნენ, რომ ამ უფლებების დასაცავად საჭიროა, მათ თავიანთ თავზე აიღონ პასუხისმგებლობაც:
•
საკუთარი აზრების გამოხატვა მასწავლებლის მითითების შემთხვევაში
•
საჭიროების შემთხვევაში კლასში გადაადგილება ისე, რომ სხვა არ შეაწუხო
•
საჭიროების შემთხვევაში დახმარების მიღება, მაგრამ დახმარების მოთხოვნამდე
დამოუკიდებელი მუშაობა და პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის ცდა.
ჯილდოების სვეტში კი ჩამოვწერეთ
ის ჯილდოები, რომლებსაც მოსწავლეები მიიიღებდნენ
დამსახურების შემთხვევაში.პერიოდულად მოსწავლეები სვეტებში უფლებებს ამატებდნენ, მაგრამ
ყოველთვის ახსოვდათ, რომ უფლების დამატებას მოჰყვებოდა სათანადო პასუხისმგებლობის დამატება. თუმცა არც ჯილდო ავიწყდებოდათ.
•
მშობლების აქტიური ჩართვა
მოსწავლეთა აღზრდის პროცესში.
კვლევისას გამოიკვეთა,
რომ გარკვეულ სირთულეებს მოსწავლეებს უქმნით ის, რომ აქვთ ძალიან დატვირთული დღის გრაფიკი,ვერ
ასწრებენ დასვენებას და განტვირთვას.ამ საკითხის მოსაგვარებლად აუცილებელია მშობლებისა და მასწავლებლების თანამშრომლობა,ამიტომ
დაიგეგმა საგანგებო შეხვედრა მშობლებთან. აღნიშნულ თემაზე არსებული ლიტერატურის გაცნობის
შემდეგ მათთვის ჩავატარე მინილექცია, თუ როგორ შეიძლება დაეხმარონ მშობლები
შვილებს მე-9 კლასის სირთულეების დაძლევაში. შეკრებას დაესწრო 8 მშობელი. მათ გავაცანი საინტერესო ინტერნეტრესურსები, რომლებიც
დაეხმარება შვილებთან სწორი დამოკიდებულების
ჩამოყალიბებაში. როგორც ფსიქოლოგები გვირჩევენ,აუცილებელია, მშობლები დაინტერესდნენ
ბავშვების შთაბეჭდილებებით, გამოჰკითხონ, რას ითხოვენ კონკრეტული მასწავლებლები მათგან,
რით განსხვავდება სხვადასხვა მასწავლებლის
მოთხოვნები. ეს დაეხმარება მათ ახალი სიტუაციის დალაგებაში, სიახლეების დამახსოვრებაში.
სასურველია, მშობლები მოუყვნენ შვილებს საკუთარ გამოცდილებაზე და დაამშიდონ ისინი,
რომ ყველაფერი მოწესრიგდება.
3.6. ინტერვენციების შეფასება
ინტერვენციის შედეგების შესამოწმებლად გამოვიყენე
მოსწავლეთა ანკეტირება. მოსწავლეებს ვთხოვე, შეეფასებინათ კლასში განხორციელებული ინტერვენციები.ამ
მიზნით შევქმენი სპეციალური ანკეტა, რომელიც შედგებოდა 8 კითხვისაგან. მათ შორის იყო
როგორც ღია, ასევე დახურული შეკითხვები. ანკეტირებაში მონაწილეობა მიიღო 8 მოსწავლემ.
მოსწავლეთა პასუხები საინტერესო აღმოჩნდა.მათი
აზრით, კარგი მოსწავლე უნდა იყოს წესრიგიანი, ზრდილობიანი,ბეჯითი,
გაწონასწორებული, პოზიტიური, კონტაქტური, პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა ჰქონდეს. როგორც
პასუხებიდან ჩანს, მათ ბევრი რამ გაიგეს და გააცნობიერეს, რომ უფლებებთან ერთად პასუხისმგებლობაც
გააჩნიათ:
„მივხვდი, რომ, თუ რაიმე უფლებას გამოვიყენებთ, მაშინ
პასუხიც უნდა ვაგოთ“.
„ნაწილობრივ თითქმის ყველა ეს წესი ვიცოდი, მაგრამ ახლა
უფრო მეტი რამ შევიტყვე ქცევის წესებზე.“
14
ზოგიერთმა მოსწავლემ შენიშნა ინტერვენციის შედეგად მიღწეული ცვლილებები:
„მე მომეწონა,
რომ ჯგუფში უფრო წესრიგია. ხმაური აღარ არის, ამიტომ ბავშვებმა,ჩემი აზრით, უნდა დაიცვან
ეს წესები.“
მოსწავლეები თვლიან, რომ მიღებული ინფორმაცია გამოადგებათ
არა მარტო სკოლაში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში,რომ იყვნენ „დამოუკიდებლები ადამიანები“, „კარგი პიროვნებები“,
ჯგუფი კი იქნება მოწესრიგებული:
„უფრო ბევრ
მეგობარს შეიძენ.“
„ზოგიერთი წესი ჩვენს ცხოვრებას შეცვლის.“
„ძალიან გამომადგება
, რადგან უკვე ვიცი, რომ აუცილებლად უნდა ვიყო ზრდილობიანი და კონტაქტური.“
„ჩვენს კლასში ერთი პერიოდი იყო პრობლემა. ჩვენ შევძელით
ამ პრობლემის გადალახვა. ეს აქტივობა დაგვეხმარება ჩვენ პიროვნებად ჩამოყალიბებაში.“
მოსწავლეები თვლიან, რომ კვლევის
ფარგლებში განხორცილებული აქტივობებით მიიღეს საინტერესო ინფორმაცია, გააცნობიერეს თავიანთი უფლებები და
პასუხისმგებლობა, რომელიც მათ ეკისრებათ სასკოლო ცხოვრებაში; გაიაზრეს, რომ, თუ გაკვეთილის დროს ქცევის წესებს არ დაიცავენ, მაშინ,
შესაძლებელია, მათი შეფასებებიც არ იყოს მაღალი. მოსწავლეთა დიდი ნაწილი თვლის, რომ
მათი ქცევა გაუმჯობესდა და მიღებული ინფორმაცია გამოადგებათ სხვა გაკვეთილებზეც.
მშობლები დადებითად აფასებენ განხორციელებულ ინტერვენციებს.
მათი აზრით, მე-9 კლასის გამოწვევების დროული მოგვარება აუცილებელია. მათ გამოთქვეს
მზადყოფნა , ითანამშრომლონ მასწავლებელთან, გაეცნონ მის მიერ მითითებულ პუბლიკაციებს
და დაეხმარონ ბავშვებს სირთულეების ერთობლივად
გადალახვაში.
ჩემი აზრით, განხორციელებულმა ინტერვენციებმა
დადებითი შედეგი გამოიღო. მოსწავლეებს, რომლებიც ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ
კვლევის პროცესში, დაეტყოთ სასიკეთო ცვლილებები, რაც შესაბამისად აისახა საგაკვეთილო
პროცესზე, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ზოგს-მეტად და
ზოგს-ნაკლებად, ამიტომ , ამ მხრივ, მუშაობის გაგრძელება აუცილებელია.მოსწავლეებს
ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული ჩვევად აუცილებელი ქცევები, ამიტომ საჭიროა ხშირი
შეხსენება, მათთან თანამშრომლობა და ა. შ.
უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეები არ აპროტესტებენ მასწავლებლის მითითებებს და
ცდილობან , წესები დაიცვან, რათა მთელი საგაკვეთილო პერიოდი დაეთმოს მხოლოდ სასწავლო
მიზნებს.
•
დასკვნა
მე-9 კლასში განხორციელებული კვლევის შედეგად
შემიძლია დავასკვნა, რომ შერჩეული საკვლევი საკითხი აქტუალურია, მისი მოგვარება კი-მნიშვნელოვანი
და აუცილებელი, რადგან ამაზეა დამოკიდებული სასწავლო პროცესის სწორად წარმართვა მომავალ
კლასებში.
კვლევისათვის განსაზღვრულ დროში რასაკვირველია,
საკვლევის პრობლემა ბოლომდე ვერ მოგვარდა და მუშაობის გაგრძელება აუცილებელია,მაგრამ აშკარაა,
რომ განხორციელებული ინტერვენციების შედეგად
მოსწავლეთა ქცევები საგაკვეთილო პროცესის დროს გაუმჯობესდა, თითქმის მთელი გაკვეთილი
მხოლოდ სასწავლო პროცესს ეთმობა,ამიტომ მიმაჩნია, რომ კვლევა წარმატებულია. როგორც
დასაწყისში აღვნიშნე, მე-9 კლასის სირთულეები
აქტუალური თემაა ამ კლასის მასწავლებისთვის, ამიტომ, ვფიქრობ, წარმოდგენილი კვლევა
საინტერესო იქნება ჩემი კოლეგებისთვის და დაეხმარება
მათ.
•
რეკომენდაციები
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის:
•
საჭიროა, ჯეროვანი ყურადღება მიაქციონ ყველა საგნის სრულყოფილ სწავლებას
და გაკვეთილზე ქცევის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას
მოსწავლეებში.
რეკომენდაციები
მე-9 კლასის მასწავლებლისათვის:
•
სასწავლო წლის დასაწყისშივე გააცნოს მოსწავლეებს ქცევის წესები და
ესაუბროს მათი დაცვის აუცილებლობაზე
•
ითანამშრომლოს მშობლებთან მოსწავლეთა აღზრდის საკითხში მათი ჩართვის
მიზნით
დანართი 1.
ანკეტა მოსწავლეებისთვის
მე-9 კლასი სქესი: გოგო ბიჭი
1. გაკვეთილზე დაგვიანება
ხელს უშლის გაკვეთილის მსვლელობას?
დიახ არა ნაწილობრივ
2. როგორი ურთიერთობა
აქვს თქვენთან გერმანულის მასწავლებელს?
ძალიან კარგი კარგი
ნორმალური ცუდი ძალიან ცუდი
3. ვინ ალაგებს ჩანთაში სასწავლო ნივთებს სკოლაში წამოსვლის წინ?
მე მშობელი სხვა
4. როგორ იქცევა მასწავლებელი,
როცა დასმულ კითხვაზე მისი ნებართვის გარეშე უპასუხებ?
არაფერს მეუბნება შენიშვნას მაძლევს მაქებს
5. გერმანულის გაკვეთილზე
ვიგვიანებ
ყოველთვის არასოდეს ზოგჯერ
6. გერმანულის
მასწავლებლის შენიშვნები დისციპლინასთან დაკავშირებით მისაღებია?
დიახ არა
ნაწილობრივ არ ვიცი
7. შენი ქცევით ხელი
ეშლება გაკვეთილის მიმდინარეობას?
ყოველთვის ზოგჯერ
არასოდეს
8. როგორ იქცევი, როცა
მასწავლებელი შენგან ქცევის წესების დაცვას მოითხოვს?
ვბრაზდები ყურადღებას არ ვაქცევ ვცდილობ ამ წესების დაცვას
9.თქვენი აზრით, რა არის საჭირო, რომ გერმანულის გაკვეთილზე მოსწავლეებმა ქცევის წესები არ დაარღვიონ?
10. შენი აზრით რა არის
მიზეზი გაქვეთილზე არასათანადო ქცევის?
11.მიგაჩნიათ თუ არა სირთულედ
ქცევის არასწორი მართვა?
12. დაგეხმარათ თუ არა
ანკეტირება პრობლემის დაძლევაში?
დანართი 2. სადისკუსიო
გეგმა ფოკუსჯგუფისათვის
მოსწავლეები:
•
იცავთ თუ არა გაკვეთილზე
ქცევის წესებს?
•
რა ახალი სირთულეები
შეგხვდათ მე-9 კლასში?
•
თქვენი აზრით, რა შეიძლება
იყოს მე-9 კლასის სირთულეების მიზეზი?
•
თქვენი აზრით როგორ შეიძლება დავძლიოთ სირთულეები?
მშობლები:
•
საბაზო საფეხურზე გადასვლის შემდეგ გაჩნდა თუ არა პრობლემები, რომლებიც წინა კლასებში არ არსებობდა?
•
რა გამოწვევების წინაშე
აღმოჩნდით მეცხრეკლასელთა მშობლები და რა იწვევს ამ სირთულეებს?
•
თქვენი აზრით, როგორ
შეიძლება მოგვარდეს კლასის მართვის პრობლემები?
•
თქვენი აზრით დაგეხმარებათ თუ არა ანკეტირება ამ პრობლემის დაძლევაში?
დანართი 3.
ფოკუსჯგუფი მოსწავლეებთან
ფოკუსჯგუფში მონაწილეობდა
•
მე-9კლასის 8 მოსწავლე
მიზანი
•
საკვლევი საკითხის
შესახებ მოსწავლეთა დამოკიდებულების განსაზღვრა
სადისკუსიო გეგმა:
•
იცავთ თუ არა გაკვეთილზე
ქცევის წესებს?
•
რა ახალი სირთულეები
შეგხვდათ მე-9 კლასში?
•
თქვენი აზრით, რა შეიძლება
იყოს მე-9 კლასის სირთულეების მიზეზი?
ფოკუსჯგუფის
შედეგი:
თითქმის
ყველა მოსწავლეს ეშინოდა, მე-9
კლასში ახალ მასწავლებლებს შეეჩვეოდნენ თუ არა, ცუდი ნიშნები არ მიეღო და ეგონათ, რთული და
ბევრი მასალა ექნებოდათ სასწავლი, მაგრამ, მათი თქმით, ეს ასე არ აღმოჩნდა: „მეცხრეკლასელობას შევეჩვიეთ. კვლავ ერთმანეთის სიყვარული
და მეგობრობა დავიწყეთ. სწორედ ეს იყო პრობლემა.“
ყველა
მოსწავლეს განსხვავებული ხასიათი აქვს.ზოგი მოსწავლე ბუნებით მშვიდია და, შესაბამისად,
წესებს არ არღვევს, მაგრამ ზოგი ძალიან აქტიურია, ვერ ითმენს, სანამ მასწავლებელი პასუხის
გაცემას სთხოვს, და ამიტომ „წამოიყვირებს“ ხოლმე.ამის მიზეზი
სხვადასხვაა: „მინდა მასწავლებელმა შემაქოს“,“რომ მასწავლებელმა
ნიშანი დამიწეროს“, „მინდა, ვიაქტიურო“.
მოსწავლეების თქმით,დასვენებაზე თამაში ძალიან მოსწონთ,
ამიტომ ხშირად გაკვეთილის დაწყების მაუწყებელი ზარი არც კი ესმით.
„დაწყებით კლასებში მასწავლებელს წამოყვირებით ვეტყოდით პასუხს, მაგრამ
საბაზო საფეხურზე ზრდილობიანად უნდა ასწიო ხელი და ეს ჩვენ გვავიწყდება.“
მოსწავლეები ერთ-ერთ პრობლემად თვლიან ერთმანეთს შორის
წაკინკლავებას და გაუგებრობას და საჭიროდ მიიჩნევენ ამ საკითხის მოგვარებას.
„როცა მასწავლებელი უდისციპლინო მოსწავლეს ესაუბრება,
დრო იკარგება და ახალი მასალა შეიძლება კარგად ვერ გავიგოთ.“
მოსწავლეების თქმით, დასვენებაზე საფეხბურთო მოედანზე ჩადიან და იმდენად
ორთობიან,რომ გაკვეთილზე აგვიანდებათ.
მოსწავლეთა უმრავლებას ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს:
მეცადინეობენ ცეკვაში,სპორტში.ამიტომ გვიანობამდე უწევთ მეცადინეობა, ზოგი ღამით უყურებს
ფილმებს და სპორტულ გადაცემებს, თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს, ესაა იმის მიზეზი, რომ უმეტესობა გვიან იძინებს.
სასწავლო ნივთებს ჩანთაში თითქმის ყველა თვითონ ალაგებს, თუმცა „გადარბენაზე“, ამიტომ
ავიწყდებათ სასწავლო ნივთები და დავალებების სრულყოფილი შესრულება„ეს გადაღლილობის
ბრალია“.
„როცა გაკვეთილზე წესებს არ ვარღვევთ და სიმშვიდეა,
მაშინ უფრო მეტს ვსწავლობთ და სახლში საშინაო დავალების შესასრულებლად ცოტა დრო გვეხარჯება“.
ძირითადი დასკვნები
ფოკუსჯგუფმა
აჩვენა, რომ მეცხრეკლასის სირთულეები მოსწავლეებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.მათ კარგად
არ აქვთ გაცნობიერებული, რა შეიძლება მოჰყევს გაკვეთილზე დაგვიანებას, გაკვეთილზე სასწავლო
ნივთების გარეშე გამოცხადებას, კითხვებზე პასუხის დროს მასწავლებლის მოთხოვნების უგულებელყოფას
და სხვა. მოსწავლეების თქმით, დაბალ კლასებში ზოგი ქცევა, რომელიც ახლა ეკრძალებათ,
დასაშვები იყო. მაგ. თუ კვებას დასვენებაზე ვერ მოასწრებდნენ, იგვიანებდნენ გაკვეთილზე. თითქმის
ყველა მოსწავლეს გაკვეთილების მომზადება გვიან საღამოს უწევს და დასვენებას ვეღარ ასწრებს.
მოსწავლეები მიიჩნევენ, რომ წესების დაცვა რთული არაა, მაგრამ საჭიროა, თვითონ იყვნენ
ყურადღებიანი და მონდომებული.მოსწავლეებს ერთმანეთს შორის არსებული გაუგებრობებიც აღელვებთ
და სურთ კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთთან.
დანართი 4.
ფოკუსჯგუფი მშობლებთან
ფოკუსჯგუფში მონაწილეობდა
•
მე-9კლასის 7 მშობელი
მიზანი
•
საკვლევი საკითხის
შესახებ მშობელთა დამოკიდებულების განსაზღვრა
სადისკუსიო გეგმა:
•
საბაზო საფეხურზე გადასვლის შემდეგ გაჩნდა თუ არა პრობლემები, რომლებიც წინა კლასებში არ არსებობდა?
•
რა გამოწვევების წინაშე
აღმოჩნდით მეცხრეკლასელთა მშობლები და რა იწვევს ამ სირთულეებს?
•
თქვენი აზრით, როგორ
შეიძლება მოგვარდეს კლასის მართვის პრობლემები?
ფოკუსჯგუფის
შედეგი:
მე-9 კლასის სირთულე ამ კონკრეტულ შემთხვევაში არაა
მშობლების ურთიერთობა მათთვის უცხო მასწავლებელთან. ისინი ნდობითა და პატივისცემით
არიან განწყობილი პედაგოგის მიმართ და მათ გამოთქვეს მზადყოფნა, ამ მიზნით აქტიურად
ითანამშრომლონ მასთან. ამავე დროს საჭიროდ მიიჩნევენ, ყველა საგნის მასწავლებელმა იზრუნოს
მოსწავლეთა ქცევის კორექციისთვის.
მასწავლებლებმა მეტი სიმკაცრე უნდა გამოიჩინონ მოსწავლეებთან
ურთიერთობაში, თორემ მათ უჩნდებათ განცდა, რომ ყველაფრის უფლება აქვთ.
.
ყველა მოსწავლეს სხვადასხვა შესაძლებლობა აქვს და სიახლეებს
ყველა ვერ შეეგუა.
მშობლები სასკოლო
ცხოვრებაში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული.
კარგი იქნებოდა, რომ სკოლაში იყოს ფსიქოლოგი.
როგორც აღმოჩნდა, მშობლები დაინტერესებული არიან აღნიშნული სირთულეების დროული მოგვარებით. ისინი
სრულად აცნობიერებენ, რომ სხვაგვარად მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება დაიკლებს და მათი
მოტივაციაც გაქრება.
საერთოდ, მე-9 კლასში მასალა რთულია და ყველა მოსწავლე
განსხვავებულად ითვისებს მას.
დანართი 5. ინტერვენციის
შეფასების კითხვარი
კითხვარის მიზანია, გამოვიკვლიოთ, კვლევის პროცესში რა ინფორმაცია მიიღეს მოსწავლეებმა და რამდენად გამოადგებათ მიღებული ცოდნა საგაკვეთილო
პროცესში.
მე-9
კლასი
სქესი: გოგო ბიჭი
•
იცოდით თუ არა სკოლაში
თქვენი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ?
დიახ არა
ნაწილობრივ
•
განხორციელებული აქტივობებით
რა ახალი ინფორმაცია მიიღეთ მოსწავლის ქცევის
შესახებ?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
•
შეიცვალა თუ არა თქვენი
ქცევები სასწავლო წლის დასაწყისთან შედარებით?
დიახ არა ნაწილობრივ
•
რამდენად გამოგადგებათ მიღებული ინფორმაცია სასკოლო ცხოვრებაში?
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
·
რამდენად
არის პასუხისმგებელი მოსწავლე საკუთარ ქცევაზე?
---------------------------------------------------------------------------------------
·
რამდენად არის პასუხისმგებელი მოსწავლის ქცევაზე მასწავლებელი
და მშობელი?
---------------------------------------------------------------------------------------
გამოყენებული ლიტერატურა
1. რ.მარზანო, დ. ფიქერინგი და ი. მარზანო. 2009. კლასის მართვა:კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული მეთოდები მასწავლებლებისთვის. თბ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.
2. რ. ტყემალაძე,ნ. დალაქიშვილი,ქ. თოფაძე, თ. პაჭკორია, თ. ბუწაშვილი. 2008.სწავლება და შეფასება. თბ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.
3. სოფიო გორგოძე, „კლასის მართვა“ წიგნში „ბავშვზე ორიენტირებული სკოლის გზამკვლევი“ . სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, თბ. 2012
4. ლ. მენთეშაშვილი. „კლასის ხელმძღვანელის მუშაობა მშობლებთან“.თბ.1987. „განათლება“
5. ლ. ქედიშვილი. „ რთული პედაგოგიური სიტუაციების კორექციის გზები“ თბ. 1986. „განათლება
6.Дже́ймс Стронг „Дирижер класса“ . ელექტრონული ჟურნალი „управления школой“ http://upr.1september.ru/article.php?ID=200601404
No comments:
Post a Comment